English

 

 

Bazaleti Lake, Georgia

Bazaleti Lake by Paata Vardanashvili

ბაზალეთი, ისტორიული მხარე ქართლში. ვახუშტის ცნობით, აღმოსავლეთიდან - ბოდავის ციხე და ტინის მთა, დასავლეთიდან - გრემისხევი და ალევის მთა (ახლანდელი ალევის ქედი), ჩრდილოეთიდან - ჭართლის მთა.

ბაზალეთის პლატოზე ადამიანი ჯერ კიდევ ძველი ქვის ხანაში სახლობდა. ლეონტი მროველის ცნობით, ბაზალეთი მოაოხრეს ქართლის მესამე მეფის მირვანის დროს (ძვ. წ. II ს.) ჩრდილოეთიდან შემოსეულმა დურძუკებმა.

X საუკუნეში ბაზალეთი და მისი მიდამოები (კერძოდ ლოწობნის ციხე) საცილობელი გახდა აფხაზთა და კახთა სამეფოებს შორის. XIII საუკუნის მიწურულს მონღოლმა სარდალმა ხუტლუბუღამ საქართველოს სხვა პროვინციებთან ერთად ბაზალეთიც დაარბია. არაგვის საერისთავოს წარმოშობის შემდეგ ბაზალეთი მისი პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაწინაურებული რაიონი გახდა.

 

 

free counters 

 

: Login : : Create Account : : Register Domains : Make an Offer ::


ბაზალეთის ტბა

ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო, წყლის ქვეშე,
უცხო წალკოტი ჰყვავისო.
მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს, თურმე, არ სჭკნება,
ქვეყნისა დროთა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.
ვერ ერჩის, თურმე, მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
და იმის მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი.
წალკოტის შუაგულშია
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგანს იქ ჩასვლა
არავის გაუბედნია.
მარტო ერთნი სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი გრძნეულნი
დასტრფიან და დამღერიან...
ამბობენ, — თამარ დედოფალს
ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
ტბა კარვად ზედ გადუხურავს.
ამას კი აღარ ამბობენ —
აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
ზედ ტბად რისთვის დაადინა...
იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღე-და-ღამ ჰნატრულობს
ჩუმის ნატვრითა ქართველი?
თუ ესე არის, ნეტა მას,
ვაჟკაცსა სახელოვანსა,
ვისიცა ხელი პირველად
დასწვდება იმა აკვანსა!
თუ ესე არის, ნეტა მას,
დედასა სახელდებულსა,
ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
თვის ძუძუს მადლით ცხებულსა!

ილია ჭავჭავაძე