|
Chiatura, Imereti, Georgia |
|

Chiatura
 
ჭიათურა — ქალაქი საქართველოში, ჭიათურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ყვირილას ნაპირებსა და მიმდებარე პლატოზე. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა 13,8 ათასი (2002 წ.). ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიისა და ევრაზიის ტერიტორიაზე. მოიპოვებენ, აგრეთვე, უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად. ქალაქში არის სარკინიგზო კვანძი (ზესტაფონ-საჩხერის ხაზი ჭიათურას აკავშირებს ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალთან). ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება.
ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მხატვრის სახლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალები).
ჭიათურაში არის ჭიათურის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, მღვიმევის მონასტერი (XII ს.). ქალაქის მახლობლად არის ქართული ხუროთმოძღვრების სხვა ძეგლები - შუა საუკუნეების ციხე და გამოქვაბულები "ჯარბელა", კლდეკარის გამოქვაბულები (სოფ. სვერის მახლობლად), სვერის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (XIX ს.), სვერის ციხე-სიმაგრე (VII ს.) და სხვა.

|
|