|
Chokhatauri, Guria, Georgia |
|



ჩოხატაური — დაბა გურიის მხარეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთ კალთის ძირას, მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 150 მ. რკინიგზის სადგურ საჯავახოდან 20 კმ-ის მანძილზე. დაბაში გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა საჯავახო-ქობულეთი.
სახელწოდება „ჩოხატაურის“ ადრინდელი ფორმაა „ჩახატაური“, რომელიც ნაწარმოებია საგვარეულო სახელიდან — ჩახატარაშვილი, ჩხატარაშვილი. დაბის სტატუსი მიენიჭა 1947 წელს. მოსახლეობა 2.2 ათასი (2006). დაბაში არის ადმინისტრაციული, და ჯანდაცვის დაწესებულებები, ერთი საჯარო სკოლა, მცირე საწარმოები, საფეხბურთო კლუბი "ბახმარო", რომელიც საქართველოს ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში ასპარეზობს. დაბაში ორი მუზეუმია, ჭიჭიკო ბენდელიანის სახლ-მუზუმი და აკადემიკოს ნიკოლოზ ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ეს უკანასკნელი 1958 წელს გაიხსნა და პირველი ექსპოზიცია 1961 წელს მოეწყო. (მუზუმის საკონტაქტო ნომერი +995 95-11-78-70)
გურია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით - ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა. იგი სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (სუფსა-გუბაზეულის ხეობები), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (დარჩენი ტერიტორია).
ფეოდალურ ხანაში საერისთავო იყო იმერეთის სამეფოში. XV საუკუნის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ და რეზიდენცია ოზურგეთში ჰქონდათ. 1828 წელს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. ამ დროისათვის სამთავრო იმ ფარგლებში იყო მოქცეული, რომელშიც ისტორიულად ცხოვრობდნენ გურულები. 1840 წელს სამთავრო გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა.
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ეს არის გურიის მხარე, რომელიც მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონების ტერიტორიას
|

|