English

 

 

Sighnaghi, Kakheti Georgia

Photo by Parapura

სიღნაღი — ქალაქი კახეთში, სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყალიდან 13 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 2,1 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის (სამკერვალო) მცირე საწარმოები, თეატრი. სიღნაღში არის ბოდბის ეპარქიის რეზიდენცია.

სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak, აზერბ. sığınaq) და „აუღებელს“ ნიშნავს.

ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის.

სიღნაღი თელავის მსგავსად მეფისეულ მამულად ითვლებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქიზიყში საერთოდ არ ყოფილა ბატონ-ყმობა. შესაბამისად, ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. სამოქალაქო ხელისუფლებას აქ მოურავი განაგებდა; სამხედრო განაწესის მიხედვით კი ქიზიყი პირველ მოწინავე სადროშოს წარმოადგენდა, რომელსაც ბოდბის ეპისკოპოსი განაგებდა.

სიღნაღი მისი მდებარეობის წყალობით ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი ჩამოყალიბდა. აქ რამდენიმე სავაჭრო გზა იკვეთებოდა. ძველი საქარავნო გზა გადიოდა თბილისიდან ნუკრიანის გავლით ჰერეთისაკენ და სიღნაღიდან, ანაგის გავლით, თელავისკენ.

სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ასევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.

სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულ ერეკლე II-ის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული.

სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, შემდეგ მას ქიზიყს უწოდებდნენ. კამბეჩოვანი (კამბისენე ძველ ბერძნულ წყაროებში) ძველი წელთ. II-I საუკუნეებში შედიოდა იბერიის სამეფოს შემადგენლობაში. ახალ წელთაღირცხვაში კამბეჩოვანის ცენტრი ქალაქი ხორნაბუჯი გახდა.

საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ეს მხარე დიდ მნიშვნელობას იძენს. აქ აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო. მეფე ვახტანგ გორგასალმა ჰერეთი და მასში შემავალი კამბეჩოვანი საუფლისწულოდ აქცია და თავის ძეს, დაჩის, მისცა, ხოლო ხორნაბუჯში საეპისკოპო კათედრა დააარსა. ხორნაბუჯზე გადიოდა მაგისტრალური სავაჭრო-საქარავნო გზა.

VIII-IX საუკუნეებში მიუხედავა არაბთა დამანგრეველი შემოსევებისა, ჰერეთი ძლიერდება და სამთავროდ ყალიბდება. XI საუკუნეში მეფე ბაგრატ III-მ კაჰეთ-ჰერეთი გაერთიანებულ საქართველოს შეუერთა, რაც საბოლოოდ დავით აღმაშენებლის მიერ განმტკიცდა. XIII საუკუნეში ჯალალედინისა და მონღოლთა თარეში კამბეჩოვანსაც შეეხო, რომელიც მონღოთა ერთ-ერთ დუმენად (სამხედრო ოლქად) იქცა.

1264 წელს ბერქა ყაენის გამანადგურებელი შემოსევის დროს ხორნაბუჯის ციხეც დაეცა. ამის მერე ხორნაბუჯი, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი, კარგავს მნიშვნელობას. მოიშალა გზები, რომლებიც ამ ქალაქზე გადიოდა. არემარე პერიფერიაზე აღმოჩნდა. კამბეჩოვანის ცენტრმა ჩრდილო-დასავლეთისკენ ქიზიყში გადაინაცვლა, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო სამეურნეო საქმიანობა და მოსახლეობა. ეს დაახლოებით XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე მოხდა.

ქიზიყი მნიშვნელოვნად გაძლიერდა XVIII საუკუნეში ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის დროს (1744-1798). სიღნაღის ქალაქად ჩამოყალიბება სწორედ ამ დროს ხდება. მეფე ერეკლეს ბრძანებით 1770 წელს შედგენილ ქალაქთა ნუსხაში სიღნაღიც არის მოხსენიებული. სიღნაღის ციხე-გალავნის მშენებლობასაც მეფე ერეკლე აწარმოებდა.

რუსეთთან მიერთების შემდეგ სიღნაღი მაზრად გადაკეთდა. 1938 წელს, საბჭოთა წყობილების დროს სიღნაღის რაიონი შეიქმნა.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სიღნაღი კვლავ სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია

 

 

 

free counters

: Login : : Create Account : : Register Domains : Make an Offer ::